სოკოები, (Mycetes ანუ Fungi), ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი,ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ. მათ ახასიათებთ ჰეტეროტროპული კვება რაც მათ განასხვავებთ მცენარეებისგან
სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. ობის სოკოები, სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს. ცნობილია პურის ობი (Mucor mucedo), აგრეთვე Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., Aspergillus niger-ს - ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობას — პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, Penicillium roquefortii-ს და Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.
